Don't wanna be here? Send us removal request.
Text
კლასი: XI
გაკვეთილის თემა: ნიკოლოზ ბარათაშვილის “არ უკიჟინო, სატრფოო”
დავალების პირობა: ვიდრე გავიცნობდეთ, რას გრძნობს შეყვარებული ნიკოლოზ ბარათაშვილი, დაწერეთ, თქვენ რას გრძნობთ, როცა სიყვარულზე ფიქრობთ.
ვუძღვნი მას, ვინც ჩემს გულში ბინას დაიდებს... (ან იქნებ, დაიდო კიდევაც?!)
თან ახლოსაა, თან ძალიან შორს...
რთულია, გამოხატო გრძნობა, რომელიც სულს გიფორიაქებს, სიმშვიდეს გაკარგვინებს, იმედით გავსებს, უბედურს გხდის, ჟრუანტელს გგვრის, გალამაზებს, გასპეტაკებს, გამახინჯებს, სიცოცხლეს გაყვარებს, ცხოვრებას გაძულებს, გულს გიმახინჯებს, თვალებს გიბრმავებს, თავს გაკარგვინებს...
ოჰ... რა რთულია... შენი თავი სხვას რომ ეკუთვნის...
ოჰ... რა რთულია... საზირო ჰაერი, სუნთქვა, სუ��ნელი...
თან ახლოსაა, თან ძალიან შორს...
თვალებით ეხუტები, ჰაერით გრძნობ...
ხელები... ხელებს ხ��მ ცალკე ურთიერთობა აქვთ... არც კი გისმენენ, ისე იხლართებიან, ვერ გრძნობენ, მათი შეხების წამს როგორ იტანჯება შენი სხეული, სული, მაგრამ... თქვენ რა იცით, რა სასიამოვნოა ამ დროს ტანჯვაც კი...
თვალები... ოჰ... რა საშიშნი არიან... ნებისმიერი მილეული, ჩუმი, წყვდიადში ჩანთქმული ფიქრი სააშკარაოზე გამოაქვთ და ტრაბახობენ... ტრაბახობენ, რომ მხოლოდ სიმართლეს ქადაგებენ... რა ქნან?! ვერ იტყუებიან... არ შეუძლიათ....
სიყვარული სასიამოვნოდ მტანჯველი სიზმარია, ისეთი ზმანებაა, გამოღვიძება რომ არ გსურს... ცაში რომ აგაფრენს, მიწაზე მწარედ რომ დაგანარცხებს და ცრემლებით მოგეფერება, აი ასეთი ზმანებაა... სუნთქვას რომ შეგიკრავს და მერე ერთბაშად მოგახლის მტანჯველ ჰაერს , აი, ასეთი ზმანებაა... მწარედ რომ გატირებს და მერე ერთი შეხებით შეძლებს ყველაფრის დავიწყებას.
ბრძოლა სჭირდება... სასტიკი თანაც... გადაულახავი ალპების, ზღვრების, ოკეანეების, ეკლიანი ბუჩქნარების გადალახვა... არ უნდა შეუშინდე დამოკლეს მახვილებს, ფრთები უნდა გამოისხა, თვალები დახუჭო და გაფრინდე... სადღაც შორს... სადღაც შორს... და მაინც... თან ახლოსაა... თან, ძალიან შორს!...
0 notes
Text
დავალების პირობა: დაწერეთ თანამედროვე “მგზავრის წერილები”
კლასი: XI
გაკვეთილის თემა: ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილები
უცნაური გასეირნება
ცხოვრება ერთი დიდი ლაბირინთია, ადამიანები კი მასში მოხეტიალე არსებები, რომლებიც წიაღში მილეულ სინათლეს დაეძებენ. განა ყველა პოულობს საკუთარ ვარსკვლავს?! განა ყველას ძალუძს, მიაგნოს ჭეშმარიტებას?! რა თქმა უნდა, არა! ეს ხომ რჩეულთა ხვედრია… ვერასდროს გავიგებთ მათ სახელებს, რომელთაც ზეციურ ძაფს გამოჰკრეს ხელი. და იცით რატომ? ჩვენ, ადამიანებს, გვგონია, რომ არ გვერგო ის, რაც სინამდვილეში გვეკუთვნის…
ამ და კიდევ მრავალი ფილოსოფიური აზრის განხილვიდან ჩემი ძმის ტირილმა გამომაფხიზლა და მივხვდი, რომ წასვლის დრო დამდგარიყო.
მე და ჩემს ოჯახს ხშირად არ გვიწევს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა. მრავალი რამ მინახავს, მრავალნაირ ადამიანს შევხვედრივარ. ამ ყოველივემ ჩემი ფიქრის არეალი გაზარდა და პრეტენზიაც უფრო მეტზე გამიჩნდა…
თვითმფრინავში დავსხედით და ასაფრენად მოვემზადეთ. როგორც ყოველთვის ცალკე დაჯდომა ვამჯობინე, ფანჯარასთან. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს გული რაღაცას მიგრძნობდა, რაღაც ისეთს, რაც აქამდე არ მომხდარა. ნუ, ბუნებრივია, ერთი პირი ისიც ვიფიქრე, სიკვდილის წინათგრძნობა ხომ არ მაქვს, რა მაცინებს-მეთქი, თუმცა არა… არ მგონია, სიკვდილის წინ ადამიანს ასეთი კარგი გრძნობა დაეუფლოს. თვალი გადავავლე მგზავრებს, ყურადღებით ვაკვირდებოდი ყოველივეს, განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია… ის ის იყო უნდა მივბრუნებოდი სახლში მიტოვებული ფიქრების კორიანტელს, რომ ერთი ქალბატონი მომიჯდა გვერდით…
აი, ახლა კი დავიწყოთ…
თეთრი პირისახის, საშუალო სიმაღლის, ჭაღარაშერეული მოხუცი ქალბატონი გახლდათ ჩემი თანამეგზური.
- ბოდიში, გოგონა, ხომ ვერ დამეხმარები? - ნაზი, ხავერდოვანი ხმით მკითხა.
- რა თქმა უნდა - გავუღიმე და ქამარი გადავუჭირე.
შემომხედა და სახე გაებადრა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მის მიმართ სითბო არავის გამოუჩენია აქამდე.
-მარტო ბრძანდებით? -ვკითხე. თვალები აემღვრა, უძირო, ცისფერი თვალები. მივხვდი, რომ ეს კითხვა არ უნდა დამესვა და უხერხულად გავიხედე ფანჯრისკენ. რამდენიმე წამის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
-მარტო ვარ… იმდენად მარტოსული, რომ საკუთარ სხეულსაც აღარ ვუნდივარ - გული ამიფორიაქ��ა, თითქოს რაღაც ჩამწყდა სხეულში. უცბად გამომხედა, გამიღიმა, ჩემს თმებს შეეხო და ხელში აათამაშა:
- მეც შენნაირი კულულები მქონდა - გაჩუმდა, კარგა ხანს არაფერი უთქვამს, არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც ცუდ გუნებაზე დავდექი, თავი დავხარე და ფიქრებში გადავეშვი.
-იცი, შვილო - უცბად გამოვერკვიე რეალობაში და უმალ გადავხედე - ცხოვრება უცნაური რამაა, რა დროს რა სოირპრიზებს მიგზადებს ვერ გაიგებ. ჩვენ ყველანი საკუთარი თავისთვის ვიბრძვით, სხვები კი გვავიწყდება. სიძულვილია გამეფებული - თავი გააქნია და ამოიხვნეშა - სიძულვილი. ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია, შვილო. არც ჩვენ, მათ შორის. ნუ იბრძოლებ იმისთვის, რაც შენ არ გეკუთვნის, ეცადე, ყოველმხრივ სიკეთე და სითბო აფრქვიო, ადამიანებს დაანახო სულის სიწმინდე და სისპეტაკე. დაიხსომე, ჩემო გოგო, სიყვარული გადაარჩენს ქვეყნიერებას… სიყვარული… არ აქვს მნიშვნელობა სად ვიბადებით ან სად მოვკვდებით, საკუთარი კაშკაშა ვარსკვლავის მოწყვეტა ყველა ჩვენგანს შეუძლია…
ვგრძნობდი, როგორ გამიხშირდა სუნთქვა, ავღელდი, ვერ ვხვდებოდი, სიზმარი იყო თუ ცხადი, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.
-შენს ასაკში ასე არ ვფიქრობდი - გააგრძელა მან - სამწუხაროდ, ბევრი შეცდომაც დავუშვი, არც კი მიცდია, რამე შემეცვალა. შენ კი გახსოვდეს, არასდროსაა გვიან, თუ დაეცემი, ფეხზე წამოდექი და გზა განაგრძე… იმისთვის კი არ ცხოვრო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეაყვარო თავი, არამედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შეიყვარო…
თვითმფრინავი დაეშვა, მგზავრებმა ქამარი შეიხსნეს და წამოდგნენ… ცოტა ხანი ვცდილობდი სიტუაციიდან გმოვრკვეულიყავი. როცა წამოვდექი, თვალებით იმ ქალს დავეძებდი, მაგრამ ვეღარსად ვიპოვე, თითქოს გაუჩინარდა… ღმერთო ჩემო, სახელი კი ვერ ვკითხე… თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა:
„-იცხოვრე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვარო…“.
ცხოვრება ერთი დიდი ლაბირინთია, ადამიანები კი მასში მოხეტიალე არსებები, რომლებიც წიაღში მილეულ სინათლეს დაეძებენ.
მე გამიმართლა, რადგან მე უკვე ვიპოვე საკუთარი ვარსკვლავი, საკუთარი ჭეშმრიტება.
1 note
·
View note